mRvime - karsti
სინონიმი: კარსტული მღვიმე.
ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი) მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად.
კარსტულ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ქანების ქიმიურ ხსნადობას. კარბონატული ქანები იხსნება თავისუფალი ნახშირორჟანგის ან სხვა მინერალური და ორგანული მჟავების ზეგავლენით (CaCO3 + H2O + CO2 « Ca+ 2HCO-3). ქანების გახსნასთან ერთად ხდება მათი მექანიკური გადარეცხვა და წარმოიქმნება კარსტის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების კომპლექსი (კარები, ძაბრები, აბაზანები, ქვაბულები, ბრმა ხეობები, პოლიები, ჭები, შახტები, უფსკრულები და სხვ.). კარსტული პროცესების შედეგად ხშირად ჩნდება ოვალური ფორმის ქვაბულები, რომელიც წყლით ივსება. იქმნება კარსტული ტბები. კარსტული ტბების კარგ მაგალითს გვაძლევს ცისფერი ტბა, ერწოს ტბა და სხვ.
კარსტვად ქანებში, განსაკუთრებით ნაპრალების გასწვრივ, ყალიბდება მიწისქვეშა სიცარიელეები, მღვიმეები. მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემაა მამონტ-ფლინტ-რიჯი. ყველაზე ღრმა უფსკრული კრუბერის გამოქვაბული.
ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების კომპლექსი სრულად არის წარმოდგენილი შიშველ კარსტში, სადაც კარსტვადი ქანების ზედაპირი გაშიშვლებულია. თუ კარსტვადი ქანები დაფარულია ნიადაგითა და კორდით, გვექნება კორდიანი კარსტი; თუ ზედაპირს უხსნადი ფხვიერი ნაფენები ფარავს დაფარული კარსტი, თუ ზედაპირი კლდოვანი წარმონაქმნებითაა დაფარული ჯავშნიანი კარსტი, თუ ხსნადი ქანები ღრმად არის განლაგებული არაკარსტვადი ქანების ქვეშ - დამარხული კარსტი.
კარსტული მხარე ღარიბია ზედაპირული წყლის ნაკადებით, რადგან მდინარეები და ნაკადულები მიწისქვეშ იკარგება.
ფსევდოკარსტი
კარსტულ მოვლენებს გარეგნულად წააგავს ფსევდოკარსტული მოვლენები:
თერმოკარსტი, რომელიც ვითარდება ყინულსა და მზრალ გრუნტებში;
კლასტოკარსტი, რომელიც წარმოიქმნება ნატეხი ქანების შეცემენტებელი სნადი კომპონენტების ეროზიისა და გახსნი სშედეგად;
მექანიკური სუფოზია და დანაწევები ვითარდება ნამსხვრევ და ფოროვან გრუნტებში.
ფსევდოკარსტის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს ყინულის დნობა, წყლის ნაკადის მექანიკური მოქმედება, ფხვიერი გრუნტიდან მარილების გამოტუტვა (კარსტულ-სუფოზიური პროსესები).
კარსტული მხარეები
კარსტი განვითარებულია აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, ყირიმში, ურალში, კავკასიონზე, სლოვენიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, ვესტინდოეთში, ჩინეთსა და ინდოჩინეთის ნ/კ-ზე.
კარსტის ცნობილი მკვლევრები
სხვადასხვა დროს კარსტის ცნობილი მკვლევარები იყვნენ: ე.ა. მარტელი, გ. მაქსიმოვიჩი, დ. სოკოლოვი, ა. კრუბერი, ნ. გვოზდეცკი, ზ. ტატაშიძე და სხვ.
სახელწოდება
კარსტი სახელწოდება მომდინარეობს კრასის პლატოდან, რომელიც სლოვენიის დასავლეთით მდებარეობს. სლოვენია კარსტის კლასიკური ქვეყანაა, კარგად გამოხატული უხვი კარსტული ფორმებით.